"საქმეში მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო" - საზოგადოებრივი ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ მედიასთან განაცხადა, რომ საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობაც კი არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც მოსამართლეს აღნიშნული განაჩენი უნდა გამოეტანა.
სოფიო გოგლიჩიძის თქმით, დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, ბრალდებულებს გასაუბრებოდა და მათი პოზიციები დეტალურად მოესმინა.
დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები, ვინაიდან ისინი უკვე წაყვანილები იყვნენ საბადრაგო სამსახურის მიერ დაწესებულებაში.
გიორგი გორგაძის პოზიცია არ ვიცოდი, ჯავახიშვილს ვიცავდი, თუმცა მასთანაც არ მომეცა გასაუბრების შესაძლებლობა იმის შესახებ, რა მოთხოვნა და პოზიცია ჰქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვის მხარე დღეს ეს შესაძლებლობა მოესპო.
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოკლედ განაცხადა, რომ აკმაყოფილებდა ბრალდების შუამდგომლობას და ძალაში დატოვა პატიმრობა.
ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი საქმეში არც ჯავახიშვილთან და არც გიორგაძესთან მიმართებით. მხოლოდ არის ექსპერტიზის დასკვნები. სახეზე არცერთი ჩანს და რაზე დაყრდნობით მიიღო ექსპერტიზამ გადაწყვეტილება. სასამართლოც ამაზე დაყრდნობით აპელირებს, რომ ეს იყო თუნდაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, დღემდე გამოძიებას ახალი მტკიცებულება მოპოვებული არ აქვს საქმეში. დღესაც ვერ წარმოადგინა. ასე რომ, საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.
ფოტო: IPN
ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.