"ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
ცნობილი ხდება, რას ედავება ბრალდება "ბათუმელების და ნეტგაზეთის" დამფუძნებელს. გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ცნობილია, რომ აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი, რომელმაც ამაღლობელი მოინახულა, ჟურნალისტმა უთხრა, რომ დაკავების შემდეგ მასთან მიმართებაში ადგილი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.