სინდისის პატიმრების საქმეებს ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ
სინდისის პატიმრების საქმეები სააპელაციო სასამართლოში მიდის. ოლიგარქის პირადი ტყვეების პატიმრობის კანონიერება დღეიდან სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს. გადაწყვეტილებები ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ.
იურისტები ამბობენ, რომ ის, რაც პროკურორებს გამორჩათ, რომლებმაც დასაბუთების ნაწილში არ ჩაწერეს, რას ედავებოდნენ ახალგაზრდებს, გადაწყვეტილებაში თავად მოსამართლემ ჩაწერა. ქეთევან ჯაჭვაძემ აღკვეთის ღონისძიების არშეცვლისას, იხელმძღვანელა იმით, რომ შესაძლოა, დაკავებულები მიმალულიყვნენ და ხელვანებს არარსებული დანაშაული მეორედ ჩაედინათ.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, ვერრცერთ სამართლებრივ სტანდარტში ვერ ჯდება.
საქმეში არც დაზარალებული არსებობს და დღემდე ვერცერთი პირი ვერ მოიყვანა პროკურატურამ, რომელზეც შეიძლება, რაიმე სახის გავლენა მოახდინოს ანდრო ჭიჭინაძემ, ამიტომ ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის გამოც შეიძლება, რომ უკიდურესი ფორმა, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯო ადამიანს, ვერცერთ სტანდარტში ვერ ჯდება, ვერც საქართველოს და ვერც ევროპული კანონმდებლობით. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. რამდენიმე საათში უკვე შევა ის სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, დაველოდოთ გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ სამართლებრივად და ფაქტობრივად, საქმე იძლევა საშუალებას და უნდა გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე, მაინც სადღაც არის მოლოდინი, რომ იქნებ სააპელაციო სასამართლოში მაინც რომელიმე მოსამართლის სინდისმა გაიღვიძოს და იმან, რომ ობიექტურად შეაფასოს ეს გარემოებები, თუმცა თუ დავუკვირდებით, როგორ მიდის პროცესი, დაკმაყოფილების შანსი არის ძალიან დაბალი, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს ონისე ცხადაძის ადვოკატიც. შოთა თუთერიძე პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების დასჯას ემსახურება.
ამ პოლიტიკური პატიმრების საქმესთან დაკავშირებით, ისე, როგორც ყველა სხვა პოლიტპატიმრის საქმესთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, იქნა მიღებული, უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რაც ამ პატრიოტების მიმართ შურისძიებასა და ძალაუფლების დემონსტრირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ონისე ცხადაზის მიმართაც. ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ მურუსიძის სასამართლო რაიმე ტიპის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს არსებულ პირობებში, მაინც, ბუნებრივია, ვაპირებთ გასაჩვრებას და საჩივარი კანონით გათვალისწინებულ ვადაში შევა სააპელაციო სასამართლოში, - ამბობს შოთა თუთბერიძეც.
შეგახსენებთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაზე და კიდევ 9 პირი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ვერდიქტი მოსამართლემ 10 იანვრის პროცესზე გამოიტანა, რასაც დარბაზში მყოფების პროტესტი და ხმაური მოჰყვა.