მოქალაქეები წვეულებაზე მისულ მოსამართლეებს პროტესტით დახვდნენ
სასამართლო კლანი წვეულებისთვის ემზადება. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახლა დიდი სამზადისია. იქ ცოტა ხნის წინ მოსამართლეები მივიდნენ, მათ შორის არიან სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველ მოსამართლეებიც.
გასაიდუმლოებული კორპორატიული წვეულების ამბავი სამოქალაქო აქტივისტებმა და რეჟიმის ტყვეების მშობლებმა გაიგეს და რესტორან "ბაბილოსთან" შეიკრიბნენ. რეჟიმის მსახურ მოსამართლეებს ხალხი აქციით დახვდა.
ალბათ ყველა მიხვდება რესტორნის წინ რატომ ვდგავართ. ჩვენ არ გვექეიფება, დედები ვართ გამწარებული. სამშბლოს სიყვარულისთვის არ უნდა დაისაჯონ ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი ვაჟკაცებიც უნდა იყვნენ გარეთ და უნდა იქეიფონ, თუ საქეიფო დრო აქვს საქართველოს. მეტი სათხოვარი არაფერი გვაქვს, ნუ დაგვცინიან. სამართალმდა უნდა იზეიმოს, - ამბობს დაკავებული გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
რას აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოა, გუშინ და გუშინწინდელი სასამართლოს პროცესების მერე, რომ გაუშვეს ამდენი ბავშვი ციხეში. ვივლით ყველგან ამ ბანერებით, - ამბობს ირაკლი მინინოშვილის დედა ელენე ხუნდაძე.
ადგილზე მისულ მოსამართლეებს "პირველებმა" ჰკითხა, აწუხებთ თუ არა ის, რომ უდანაშაულო ახალგაზრდებს ციხეებში უშვებენ. "პირველები" ასევე დაინტერესდა, ემსახურებიან თუ არა მოსამართლეები კონსტიტუციას თუ მხოლოდ ერთი პარტისი დავალებებს ასრულებენ, რაზეც პასუხები ვერ მიიღო.
მას შემდეგ, რაც მოსამართლეებს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ, მათი ნაწილი რესტორანში სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის შესასვლელიდან შევიდა.