ახალ წელს წყალიც არ გაგვითბია და ამათ ექეიფებათ! - დაკავებული ახალგაზრდების დედები მოსამართლეებზე
რესტორან "ბაბილოსთან" მისული უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების დედები ბრაზს ვერ მალავენ. გამწარებული დედებისთვის გაუგებარია, როგორ შეუძლიათ მოსამართლებს იქეიფონ მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ბიჭები უსაფუძვლოდ პატიმრობისთვის გაიმეტეს.
ამის მერე რა უნდა ვთქვათ გამწარებულმა დედებმა? ახალ წელს წყალიც არ გაგვითბია ჩვენ და ამათ რომ ექეიფებათ... სამშობლოს სიყვარულისთვის რომ გვისჯიან და რომ ვერაფერს უმტკიცებენ, სამართალი რომ აღარ არის, იმის მერე ამათ ექეიფებათ. ვერ ვიოკებ დღევანდელ ემოციას, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
პატიმარ ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და მზადაა, პროტესტი მოსამართლეების სახლებთანაც გამართოს.
მივალ მისი სახლის კარებთან და იქ ვიცხოვრებ. არ გავახარებ, როგორც ისინი არ ახარებენ ჩვენს შვილებს. არასად ამოვათქმევინებ სულს. ჩემი მნიშვნელოვანი რაც იყო და წამართვეს, აწი დასაკარგი აღარაფერი მაქვს. შიშით რომ იმალებიან და უკანა კარიდან შედიან, სახლთანაც ვეღარ მივლენ, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
ცნობისთვის, ამ წუთებში პროტესტის ეპიცენტრი რესტორანი "ბაბილოა", სადაც მოსამართლეები საახალწლო წვეულებას მართავენ. ადგილზე რიგითი მოქალაქეები და იმ ახალგაზრდების მშობლები არიან მობილიზებულები, რომლებიც მოსამართლეებმა მტკიცებულებების გარეშე ციხეში გაუშვეს.
"მონებო!" - ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები მოსამართლეებს შენობაში.