ხაზარაძე: ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ვაშინგტონში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გავმართეთ
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა, ვაშინგტონში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში ასევე, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.
დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან.
წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!