"ბაბილოსთან" დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს - ახალგაზრდებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

13.01.25 11:21
"ბაბილოსთან" დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს - ახალგაზრდებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

გუშინ რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულთა ნაწილი დიღმის იზოლატორში, ხოლო ნაწილი ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატებმა ისინი უკვე მოინახულეს. დაკავებულების ნაწილი დაკავების მომენტში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. მათ ხელების და სახის არეში დაზიანებები აღენიშნებათ. 

პოლიციის მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს ერთ-ერთი დაკავებული მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე. მისი თქმით, ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ცდილობდა დაეცვა ქალი, რომელსაც პოლიცია აკავებდა. ქალი გონებას კარგავდა, ჩაჩანიძემ კი მისი დახმარება სცადა. 

გიორგის მოუწია ჩარევა მაშინ, როცა დაინახა, რომ გოგონას ძალადობრივი გზით აკავებდნენ პოლიციელები, შესაბამისად, მასძე ძალის გადამეტება მოხდა. არსებობს კადრები, სადაც გიორგის ხმაც ისმის, რომ აკავებდნენ, „ქალია, ქალი!“ ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა სურდა, შემდეგ მოხდა მისი დაკავებაც. დაკავებისას მოხდა ძალის გადამეტება, თმებით თრევა, ნაკაწრები აქვს ხელზეც. დაკავების დროს, როგორც თითონ აღნიშნა, ავტომობილშიც იყო სიტყვიერი გადამეტება უფლებამოსილების, - ამბობს ჩაჩანიძის ადვოკატი ვერიკო გაგუა. 

რაც შეება ნუცა მახარაძეს, ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავების მომენტში მასზეც იძალადეს. კიდევ ერთი დაკავებული ბექა პაპაშვილი კი სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ აქციებიდან იცნეს. 

ნუცა მახარაძეს აქვს ორივე ხელზე დაზიანება და უთითებს, რომ აღნიშნუი მიიღო პოლიციელების მხრიდან გამოყენებული ძალის საფუძველზე. ასევე, უმრავლეს მათგანს ხელბორკილისგან აქვს დაზიანება და მიუთითებენ, რომ ეს დაზიანებები მიიღეს იმიტომ, რომ ხელბორკილი განზრახ დაადეს უკუღმა. ბექა პაპაშვილი უთითებს, რომ ის დააკავეს პირადი ანგარიშსწორების გამო, იმიტომ, რომ არაფერს აკეთებდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა დაინახა და იცნო და დააკავა, - ამბობს კიდევ ერთი უფლებადამცველი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.