"ის, რაც დღეს ხდება, ძალიან საშიშია" - ერთი კაცის აქცია დიღმის იზოლატორთან

13.01.25 11:30
"ის, რაც დღეს ხდება, ძალიან საშიშია" - ერთი კაცის აქცია დიღმის იზოლატორთან

დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან ერთი კაცის აქცია იმართება. დავით სიმონიამ მთელი ღამე ადგილზე გაათენა და ამ ფორმით, ახალგაზრდების უკანონოდ დაკავება გააპროტესტა. ერთ-ერთი დაკავებული, ზვიად რობაქიძე სწორედ სიმონიას მეგობარია.

დავით სიმონია ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან საშიშია და ამიტომ პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი. 

ჩემი მეგობაარი ჩემს მეუღლესთან ერთად გავიდა უსამართლობის გასაპროტესტებლად და იმ ქმედებების გასაპროტესტებლად, რასაც ბოლო დღეებია სასამართლო სჩადის. დავინახე, რომ დააპატიმრეს ჩემი მეგობარი ზვიად რობაქიძე, რომელიც უბრალოდ იდგა ჟურნალისტის წინ, ხმასაც არ იღებდა, ვიდეოშიც ჩანს, მიეპარა პოლიციელი, ვერ ხედავდა ზვიადი, ჩაავლო ხელი ქეჩოში, მერე ჟურნალისტიც წაიქცა და აღარ ვიცით როგორ დააკავეს, მაგრამ რაღაც ფოტოები არსებობს. უცებ რაც მომაფიქრდა, იყო, რომ მთელი ღამე აქ გამეტარებინა, იმიტომ, რომ სანამ ჩემი მეგობარი და რეჟიმის სხვა ტყვეები არ იქნებიან თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ საკნის გარეთ ვარ, არც მე ვგრძნობ თავს თავისუფლად. ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს უწყვეტი, იმიტომ, რომ ის, რაც დღეს ხდება, არის ძალიან საშიში, რბილად რომ ვთქვათ, და აბსოლუტურად ყველას გვაქვს დაუცველობის განცდა, - ამბობს დავით სიმონია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.