"რკინის ჯებირების" საქმეზე დაკავებულების პროცესი ისევ გადაიდო - შედგება თუ არა საპროცესო შეთანხმება?
"რკინის ჯებირების" საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო - უფლებადამცველები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. ადვოკატები დღესაც მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს დანაშაული, მითუმეტეს ჯგუფურად არ ჩაუდენიათ.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ ომარ ოკრიბელაშვილს სურს საპროცესო შეთანხმება შედგეს ადვოკატსა და პროკურორს შორის. ეს შუამდგომლობა პირველად გაჟღერდა 8 თვიანი პატიმრობის განმავლობაში. საბა მეფარიშვილმა კი განაცხადა, რომ მას არც ადვოკატი სურდა და არც საპროცესო შეთანხმება.
ამის შემდეგ, რათა ბრალდებული პოზიციაზე ჩამოყალიბებულიყო, მოსამართლემ, პროკურორმაც და ადვოკატმაც პროცესის გადადებაზე ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება. შემდეგი სასამართლო პროცესი 20 იანვარს ჩაინიშნა. სწორედ ამ დღეს ომარ ოკრიბელაშვილი, რომელიც 8 თვეა პატიმრობაშია, 20 წლის გახდება.
"ჩემს შვილს 20 იანვარს დაბადების დღე აქვს, 20 წლის ხდება. უკვე სიტყვები აღარ მყოფნის ამდენი ნერვიულობით. დღეს ველოდებოდით დასკვნით სიტყტვას და არ ვიცი რა გითხრათ", - ამბობს ოკრიბელაშვილის მამა.
„საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაძლოა, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ შემდეგ პროცესზე, რაც წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. რატომ არის მზად პროკურატურა ამ ბავშვების მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს? იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნაწილობრივი აღიარება მოჰყვა. ეს რომ არ მომხდარიყო, მოსამართლე პირდაპირ 6 წელს მისცემდა და ამით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. პროკურატურა შესაძლოა ამ ბავშვების მდგომარეობაში შემოვიდეს და ნაწილობრივი აღიარებით მუხლი გადაკვალიფიცირდეს, ეს მუხლი ამნისტირებულია... ჩვენ როცა ამ საქმეში ჩავერთეთ, საქმე ფაქტობრივად დანგრეული იყო, ერთი საპირწონე მტკიცებულება არ ჰქონდა ადვოკატებს წარმოდგენილი, რომ ბრალდებისთვის დაეპირისპირებინათ, რაღაზეა აქ საერთოდ საუბარი?"- განაცხადა ადვოკატმა.
400 ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანების გამო ახალგაზრდები უკვე 8 თვეა პატიმრობაში არიან. ოჯახის და ადვოკატების თქმით, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დროში იწელება.
ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.