მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს "ბაბილოსთან" უკანონოდ დაკავებულები - სოფო ჯაფარიძე

13.01.25 13:40
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს "ბაბილოსთან" უკანონოდ დაკავებულები - სოფო ჯაფარიძე

მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ დაკავებულ მოქალაქეებს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.

დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი. 

„დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე. ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მე მინდა კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. ადვოკატების თქმით, უმეტესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. 

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვაინ ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარებ, მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.