ადვოკატი: „ბათუმელების“ ოპერატორი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს

13.01.25 14:39
ადვოკატი: „ბათუმელების“ ოპერატორი პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს

"ბათუმელების" ოპერატორის, გურამ მურვანიძის ადვოკატის თქმით, მურვანიძე აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.

გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის იმ დროს დააკავეს, როცა აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა.

„გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, „ვინ იღებს“. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი“, – წერს „ბათუმელები“.

მათი განცხადებით, ამის შესაბამისად, პოლიციამ ზუსტად იცოდა, რომ აკავებდნენ "ბათუმელების" თანამშრომელს. თავად დგებუაძემ კი "ტვ პირველს" განუცხადა, რომ არ იცის, ვინ არის "ბათუმელების" ოპერატორი.

გურამ მურვანიძე ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

"ბათუმელების" განცხადებით, გურამ მურვანიძე მათი მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს.