აბუ დაბიში მომხდარი დაპირისპირება - რას ამტკიცებს კახა კალაძე
"ვერ მოიყვანენ მაგალითს, თუნდაც პარლამენტარი თავს დასხმოდა მოქალაქეს" - ასეთია თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი აბუ დაბიში მომხდარზე, სადაც "ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს - აცხადებს კალაძე და ამბობს, რომ "ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი".
"დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს.
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება.
თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი", - თქვა მან.
- ჩხუბი აბუ დაბის სასტუმროში - ზარქუა და სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ "მონა" ეძახა
- ვინ არის პირი, რომელმაც ზარქუას დასაცავად აბუ დაბის სასტუმროში თეფში ისროლა