სუფრის მცველებად ქცეული პოლიცია - მოსამართლეთა მოჩვენებითი მოლხენა არ შედგა

13.01.25 20:26
სუფრის მცველებად ქცეული პოლიცია - მოსამართლეთა მოჩვენებითი მოლხენა არ შედგა

"ხარება" სისუსტის ჩვენებას არ კადრულობს - სპეცრაზმის უფროსი, რომელსაც კამერებთან ძლევამოსილების დემონსტრირება სჩვევია, ირონიით ხვდება კითხვებს მისი ტრავმების შესახებ.

ზვიად ხარაზიშვილი რესტორან ბაბილოსთან "პირველებმა" გუშინ გვიან ღამით შენიშნა. სპეცრაზმის შეფი იქ, სავარაუდოდ, იმ დროს მივიდა, როცა რესტორანში მყოფ ლევან მურუსიძეს სახლში წასასვლელად ხალხისგან დაცვა დასჭირდა.

სასამართლო კლანის სხვა წევრებს სპეცრაზმელები იცავდნენ, თუმცა ისინი კვერცხებისგან ნიღბიანებმა მაინც ვერ გადაარჩინეს. ამიტომ სანქცირებული მურუსიძის დასაცავად რესტორანთან სანქცირებული "ხარება" გამოჩნდა. 

ზვიად ხარაზიშვილი კამერებს ავტომობილში ემალება. ის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პარტნიორებმა დასაჯეს და დაასანქცირეს. თუმცა საქართველოში ჯერ ხელშეუხებელია. ვის შეუძლია გაასამართლოს სანქცირებული სპეცრაზმის პირველი პირი, როცა სასამართლოს პირველი პირიც სანქცირებულია. არადა მძიმე დანაშაულების შესახებ ხარებას მისივე ყოფილი თანამშრომლები ამხელენ.

ვიდრე სასამართლოს პირველ პირს სპეცრაზმის პირველი პირის დაცვა სჭირდება, პროტესტი არსებობს. მომიტინგეების პატიმრობაში დატოვების შემდეგ კი ქეიფი მოქალაქეებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. ამიტომ აქციის მონაწილეები რესტორანთან დღისითვე შეიკრიბნენ. მოსამართლეებს წვეულება არ გამოუვიდათ. ფაქტია, ეს არ იყო ის, რაც დაგეგმეს. შენობაშიც დერეფნით შევიდნენ და სახლშიც დერეფნის გავლითვე დაბრუნდნენ. პირველი სირცხვილის იყო, მეორე პოლიციის. მაგრამ ხალხის ხმას ათეულობით მობილიზებულმა ნიღბიანმა ვერაფერი მოუხერხა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.