რეპრესიების ღამე თბილისში - რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულებს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ

13.01.25 21:04
რეპრესიების ღამე თბილისში - რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულებს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ

პროტესტის უკიდურეს ფორმას რეჟიმის კიდევ ერთმა ტყვემ დანიელ ბულკაშვილმა მიმართა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც შოვის ტრაგედიის დროს მოხალისედ მუშაობდა და შსს გულგრილობაში ამხილა, მოსამართლეთა ნადიმის დროს დააკავეს.

ისიც სხვების მსგავსად რესტორან "ბაბილოსთან" პროევროპულ აქციებში მონაწილეების ციხეში უსამართლოდ გამოკეტვას აპროტესტებდა. ახალგაზრდა კაცის დაკავების ისტორია ადასტურებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დასაცავად გამოსული პოლიციელებმა დემონსტრანტის დაკავების დროს ძალას გადაამეტეს, ძალადობის კვალი მას ახლაც ემჩნევა.

პოლიცია მოსამართლეების სუფრის მცველად გადაიქცა. იჭერდნენ ყველას, ვინც რესტორანთან ახლოს იდგა. ყველა დაკავებული არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს და ყვებიან იმ სისასტიკეზე, რისი მსხვერპლებიც გახდნენ. პოლიცია იჭერდა, ხელბორკილს მჭიდროდ უკეთებდა, თანაც უკუღმა ადებდა ბორკილებს, რომ უფრო მეტად სტკენოდათ მაჯები. უმეტესობას აქვს დაკავების დროს მიღებული სისხლჩაქცევები, ნაკაწრები.

დაკავების დროს გადაღებულ ამ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ პოლიციელები აქციაზე მდგარ მოქალაქეებს უმიზეზოდ აკავებენ. მაგალითად, ზვიად რობაქიძეს, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, არსად არ გარბოდა, არც პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, ერთ-ერთი სამართალდამცველი მიეპარა და გაიტაცა.

პოლიციის სისასტიკეს ნუცა მახარაძის დაკავების კადრებიც აღწერს. ქალს ათამდე პოლიციელი ეჯაჯგურება, ის შეუძლოდ ხდება, ძირს ვარდება და პოლიცია ხელს არ უშვებს, მაინც იტაცებს - ამ დროს მის დახმარებას რამდენიმე მოქალაქე ცდილობს, მათ შორის თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე - პოლიციელებს სთხოვს, რომ ქალი, რომელსაც გონება დაკარგული აქვს, გაათავისუფლონ. თუმცა, პოლიცია მასაც აკავებს, ხელბორკილს მჭიდროდ ადებს და სამმართველოში გადაჰყავს. ძალადობის კვალი ემჩნევა მას ხელებსა და ყელზე.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.