რეჟიმმა მუქარა სისრულეში მოიყვანა - "ოცნება" მრავალწლიანი სტაჟის მქონე ჟურნალისტს ციხეში გამოკეტვას უპირებს
რეპრესიები რუსული მეთოდით - დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი, ირაკლი დგებუაძე გამოცემა "ბათუმელების" დირექტორს, მზია ამაღლობელს უშვერი სიტყვებით აგინებს. ვიდეოკადრებში ისმის მუქარაც, რომ ციხეში ბევრი წლით გაუშვებს.
რეჟიმმა მუქარა სისრულეში მოიყვანა. მზია ამაღლობელს დღეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წაუყენეს. ამაღლობელი გამოცემა "ბათუმელების" დირექტორია, ამავე საგამომცემლო სახლს ეკუთვნის "ნეტგაზეთი". უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ეს მედია ქვეყანაში ზუსტი და სანდო ახალი ამბებით დიდი რეპუტაციით სარგებლობს. როგორც ჩანს, კრიტიკული მედიის გაჩუმება რეჟიმმა ციხით გადაწყვიტა.
გამოიცემა "ბათუმელები" 90-იან წლებიდან დღემდე ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ გამოცემაა. ის ასლან აბაშიძის მმართველობიდან დღემდე არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა ხელისუფლების იერიშის ობიექტი, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი სანდოობის მედიის ხელმძღვანელს რეჟიმი 7-წლიანი პატიმრობით ემუქრება.
"ოცნების" რეჟიმი რეპრესიულ მანქანას ამუშავებს ყველას წინააღმდეგ ვინც ხმა ამოიღო. პროტესტის გამო დაკავებების სერიის პარალელურად, ივანიშვილის გუნდმა რეპრესიები დაიწყო საჯარო სექტორში. თბილისის მერია ერთ-ერთი მოწინავე იყო.
დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ გაასაჯაროვა სახელები და გვარები, ვინ არის ჩართული პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებში. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ჩივიაშვილი და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო - სწორედ მათი ხელით ხდება საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება.
კალაძემ სამსახურიდან გაუშვა ადამიანები, რომლებმაც ათობით წელი გაატარეს საჯარო სამსახურში. "ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებ" - ეს იყო დღეს მერის პასუხი კითხვაზე, რატომ დასაჯა პროტესტის გამო თანამშრომლები. მერი ახალ რეპრესიებს აანონსებს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.