მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მოქალაქეები იკრიბებიან
"ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, წინასწარი დაკავების იზოლატორთან მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმიამდგენლებიც.
"თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის პატიმრებს" - ამ წარწერით აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ადგილზე ბანერიც გაშალეს.
ჟურნალისტები, რომლებიც იზოლატორთან კოლეგის მხარდასაჭერდ მივიდნენ, ამბობენ, რომ ეს არის დაკავება პოლიტიკური ნიშნით და ამაღლობელის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ბოლო პერიოდში, საქართველოში მედია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ბოლო 46 დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ დაშავებული და დაკავებული ჟურნალისტები. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. ახლა ვიმყოფებით იზოლატორთან, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული და გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ. უპირობოდ ვითხოვთ მის გათავისუფლებას, რადგან ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ დაკავებას რამე სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. ეს არის დაკავება პოლიტიკური ნიშნით, რადგან მანამდე ბევრჯერ ვნახეთ, ბათუმელების ჟურნალისტების დაკავება“, - განაცხადა ჟურნალისტმა სოფო ჟღენტმა.
ადგილზე იმყოფებოდა სამმართველოს უფროსი გია ბესელიაც, რომელსაც ჟურნალისტებმა პასუხი მოსთხოვეს ჟურნალისტის დაკავებაზე, თუმცა მან ტერიტორია უმალვე დატოვა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქება.