"გაზეთის გამოცემას აპირებენ, სტატიები მომზადებული აქვთ" - ზურაბ ცეცხლაძე ღიმილის ბიჭებზე

13.01.25 22:53
"გაზეთის გამოცემას აპირებენ, სტატიები მომზადებული აქვთ" - ზურაბ ცეცხლაძე ღიმილის ბიჭებზე

"დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მამამისმა, ზურაბ ცეცხლაძემ დღეს მოინახულა - ახალგაზრდა აქტივისტის მშობელი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ სინდისის პატიმარი მოწოდების სიმაღლეზეა.

მეტიც, ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ერთ საკანში მყოფ ღიმილის ბიჭებს ახალი იდეები აქვთ და ციხიდან გაზეთის გამოცემას აპირებენ. 

"სახელი, ლოგო, შერჩეული აქვთ ყველაფერი, სტატიებიც მომზადებული აქვთ. ეს ყველაფერი ფოსტით უნდა მივიღოთ ჩვენ და მერე დავბეჭდოთ" - აღნიშნავს "დაფიონის" ლიდერის მამა.

ზვიადი მოწოდების სიმაღლეზეა, ძალიან ამაყია, ძალიან მტკიცედ, მედგრად არის. სასამართლო პროცესზე ზოგადად გამოვლინდა მათი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორ ამაღლებულად არიან. ღიმილი არ შორდებათ სახიდან. რეალურად ანათებენ ეს ბიჭები. ყველა ძალიან მედგრად და კარგად არის, ძალიან ბევრი ვისაუბრე ზვიადთან, ფაქტობრივად ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახალი იდეები აქვს, შიგნით ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან, ძალიან იდეური ახალგაზრდები არიან და ცდილობენ, რომ დადებითად იმოქმედდონ ერთმანეთზე. გადაწყვიტეს გაზეთის გამოცემა, ლოგო ყევლაფერი მოფიქრებული აქვთ, '' ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები