"გუშინ მოსამართლეებთან ომი მოვიგეთ, ისინი დავაჩოქეთ" - სინდისის პატიმრის დედა
"გუშინ ჩვენ ომი მოსამართლეებთან მოვიგეთ, ისინი დავაჩოქეთ" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მარიზი კობახიძის თქმით, "მოსამართლეები და პროკურორები უფრო ტყვეები არიან, ვიდრე სინდისის პატიმრები".
მათ ცინიკური სახეები ჰქონდათ გუშინ, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ ეს ომი მოსამართლეებთან. ისინი ჩვენ მართლა დავაჩოქეთ, ისინი ბევრად უფრო ტყვეები არიან და პატიმრები არიან ჩვენი დედების, მამების, ძმების, დების ხელში, ვიდრე ჩემი შვილია დღეს პატიმარი. როცა ვნახე ჩემი შვილი ბევრად უფრო მშვიდი წამოვედი იმიტომ, რომ ვერ იფიქრებდი, რომ ის არის პატიმარი. სასამართლო დარბაზში ყველას ჰქონდა გაღიმებული სახეები, მოსამართლე და პროკურორები იყვნენ, რაღაცა გაშავებულები'', - ამბობს მარიზი კობახიძე.
ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვაინ ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარება", მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.