საია: ''მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და პატიმრობაში არ დატოვოს მზია ამაღლობელი''
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაია" ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს და პატიმრობაში არ დატოვოს "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
საია მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი, ამიტომ სასამართლოსგან მოითხოვს დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები.
''ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.
საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები.
მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს. მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო.
მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები''- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. ბრალის დამტკიიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქება