"ვერ დავუბრუნდებით სწავლას მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან!" - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები

13.01.25 23:54
"ვერ დავუბრუნდებით სწავლას მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან!" - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შემდეგ, საგანგებო განცხადება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაავრცელეს.

ახალგაზრდები, რომლებიც ღამეს თეატრალური უნივერსიტეტის კედლებში ათენებენ, აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.

"ვერ დავუბრუნდებით სწავლას, მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან!" - ამბობენ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები.

დღეს თსუ-ის სტუდენტებმა საკუთარი უნივერსიტეტი დაიკავეს და ამით გააძლიერეს სტუდენტური ერთობა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სტუდენტები უკან არ დავიხევთ! ჩვენ ერთად ვდგავართ და არ ვაპირებთ დანებებას! ვერ დავუბრუნდებით სწავლას, მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან! გვაქვს ორი საერთო მოთხოვნა! დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები!

სისტემამ არაერთხელ აჩვენა რომ სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია, არაერთხელ შეეცადა ჩვენ გაჩუმებას, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება! ძალა სტუდენტების ერთობაშია!", - განაცხადეს სტუდენტებმა. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი კორპუსი დაიკავეს - ახალგაზრდები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ცვლიან. 

ევროპული მომავლის მცველები ყოველი ღამის გათენებას უნივერსიტეტის კედლებში აპირებენ იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები - უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არ დაკმაყოფილდება.