"ჩვენ ვართ დიდი უკანონობის და უსამართლობის წინაშე, შიშველი ხელებით გვიწევს ბრძოლა" - ეთერ თურაძე

14.01.25 00:11
"ჩვენ ვართ დიდი უკანონობის და უსამართლობის წინაშე, შიშველი ხელებით გვიწევს ბრძოლა" - ეთერ თურაძე

გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე მისსავე კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციამ 11 იანვარს დააკავა, სოლიდარობას უცხადებს და ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

"ჩვენ ვართ დიდი უკანონობის და უსამართლობის წინაშე, შიშველი ხელებით გვიწევს ბრძოლა" - ამბობს ეთერ თურაძე "ტვ პირველის" ეთერში და გამარჯვებამდე ბრძოლას აანონსებს. 

ჩვენ ვართ დიდი უკანონობის და უსამართლობის წინაშე, შიშველი ხელებით გვიწევს ბრძოლა და გვიწვეს ბრძოლა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით. სხვა რესურსი არ გვაქვს. არ მინდა განწყობებზე ვისაუბრო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სასამართლოს წლებია ვაკვირდები და კარგად ვიცი, რა ინსტრუმენტია ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

როდესაც მოხდა ინციდენტი, ბათუმის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა გარემოცვაში. ორი ქალი ვიდექით და ოცი პოლიციელი და როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ და მითუმეტეს ცალკე აღებულ მზია ამაღლობელს ჰქონდა შესაძლებლობა და რესურსი, თავს დასხმოდა პოლიციელს?!", - ამბობს ეთერ თურაძე.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. ბრალის დამტკიიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქრება.