"სასამართლო ხელისუფლება ძალადობრივი სისტემის ნაწილი გახდა" - ნონა წოწორია
ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია "ტვ პირველის" ეთერში 12 იანვარს, რესტორან "ბაბილოსთან" დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მოსამართლეების ნადიმს მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები ხალხის პროტესტისგან იცავდნენ.
ნონა წოწორია პირდაპირ ამბობს, რომ "სასამართლო ხელისუფლება ძალადობრივი სისტემის ნაწილი გახდა", რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება შიშველი ხელებით იბრძვის.
"თუ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, ეს დასასრული იქნება" - აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე.
სასამართლო ხელისუფლება გახდა ძალადობრივი სისტემის ნაწილი და საზოგადოება ამ წუთას, რომელიც ქვეყანაში იბრძვის დემოკრატიისთვის, ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ შიშველი ხელებით არის აღმართული, რომლის მონაწილე და შემოქმედი არის სასამართლო ხელისუფლება. ის ხელისუფლება, რომელიც უნდა იცავდეს ამ ყველაფერს, რასაც ქუჩაში მდგომი ადამიანები აკეთებენ. ჩვენ ვართ არაორდინალურ, არანორმალურ სიტუაციაში. უნდა ვიცოდეთ ყველამ, თუ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ, ეს დასასრული იქნება. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა არ ექნებათ", - ამბობს ნონა წოწორია.
ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვიან ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარება" მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.