"შეწყდეს დარბევა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული" - Amnesty International-ის მძიმე ანგარიში
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები და რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები Amnesty International-ის ფურცებზე მოხვდა. ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა დაკავებული აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ამბობს, "საქართველოს "ხელისუფლება" იყენებს ახლად მიღებულ დრაკონულ კანონმდებლობას მშვიდობიანი დემონსტრანტების ხმის ჩასახშობად", რაც ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
"დეკემბერში დაჩქარებულად მიღებული კანონები ფაქტობრივად ახდეს პროტესტის ისეთი სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი, როგორიცაა სტიკერების განთავსება საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების და განსხვავებული ხმების ჩასახშობად, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების ჩათვლით.
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ", - აცხადებს კრივოშეევი.
Amnesty International-ს ბათუმსა და თბილისში რამდენიმე დაკავების მაგალითიც მოჰყავს, მათ შორის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმეც. ასევე, მათ ფურცლებზე მოხდა შშმ პირთა უფლებადამცველის გია ჯვარშეიშვილის ძალადობრივი გზით დაკავებაც. საერთაშორისო ორგანიზაცია იხსენებს გასულ წელს უფლებადამცველის მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც და მას "წამებად" აფასებს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. მზია თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გამოქვეყნების ადმინისტრაციული „დანაშაულისთვის“ დააკავეს, მოგვიანებით კი ხელახლა დააკავეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილი.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "4 დეკემბრის შემდეგ აქციის მონაწილეების დაშინებასა და ძალადობას არა მხოლოდ სამართალდამცავები ახორციელებენ, არამედ დაუდგენელი, ნიღბიანი და იარაღით შეიარაღებული პირები.
"პოლიციის სისასტიკის ასობით შეტყობინების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფის წევრი არ არის გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლოები რეგულარულად ანიჭებენ უპირატესობას პოლიციის ჩვენებას, ვიდრე ვიდეო მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებებს და აძლიერებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ დაუსჯელობას.
Amnesty მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს დარბევა, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა უზრუნველყოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ფოტო: shalika studio