"დგებუაძემ ჟურნალისტს პირადად აგინა და ძალადობრივად დააკავა" - ჰელანდი მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება
ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერე ჰელანდი სოციალურ ქსელ X-ზე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პირადად აგინა და ძალადობრივად დააკავა:
"ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პირადად აგინა და ძალადობრივად დააკავა. მისი მცდელობა, თავი დაეღწია პოლიციის მკაცრი კონტროლიდან, გადაიზარდა "პოლიციელზე თავდასხმაში" - ბრალდება, რომელიც გამოც მას 7 წლით პატიმრობა ემუქრება. აი, როგორ ცდილობს "ქართული ოცნების" კორუმპირებული პოლიცია, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს, გააჩუმოს განსხვავებული აზრი. ირაკლი დგებუაძე კი ამით ამაყობს".- წერს ჰელანდი X-ზე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს.