15 იანვარს იფიცება საქართველო! - სინდისის პატიმრების მშობლების საგანგებო მიმართვა

14.01.25 13:23
15 იანვარს იფიცება საქართველო! - სინდისის პატიმრების მშობლების საგანგებო მიმართვა

15 იანვარს იფიცება საქართველო! - სინდისის პატიმრების მშობლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და ყველას მოუწოდებენ, ხვალ, 3 საათით შეწყვიტონ მუშაობა და საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. 

მშობლების ერთობლივი განცხადება მედიასთან რეჟიმის ტყვის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ გააჟღერა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რეჟიმს მათი შვილები მძევლად ჰყავთ აყვანილი, ასევე ნათქვამია, როგორ იძალადეს გომელაურის რაზმის თანამშომლებმა ახალგაზრდებზე და რა საშინელ წამებას ჰქონდა ადგილი მათი შვილების წინააღმდეგ. 

ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის, 15 იანვარს, 15 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილის წინ, ასე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი.
მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს. ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს და დააპატიმრეს. ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და სიამაყეც. საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავალის დასაცავად, პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით.

ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის. 

როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება.
ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და საქართველო გვეკუთვნის ჩვენ!

თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს!

15 იანვარს იფიცება საქართველო!", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.