სახეზე გვაქვს "ოცნების" დეპუტატების მხრიდან წინასწარ მომზადებული ანგარიშსწორება - ხიდაშელი აბუ დაბიში მომხდარზე

14.01.25 15:28
სახეზე გვაქვს "ოცნების" დეპუტატების მხრიდან წინასწარ მომზადებული ანგარიშსწორება - ხიდაშელი აბუ დაბიში მომხდარზე

აბუ დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება - თდვაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სახეზე გვაქვს "ოცნების" დეპუტატების, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მხრიდან წინასწარ მომზადებული ანგარიშსწორება და ამას ნათლად ადასტურებს გავრცელებული კადრებიც.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის წევრებმა ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს და ამის პირდაპირი მტკიცებულებები უკვე იხილა საზოგადოებამ.

აფექტის მდგომარეობაში კი არ იყო მათი მხრიდან რეაქცია, რაზეც სანიკიძე საუბრობდა შემდეგ, ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული თავდასხმა ამ ადამიანზე. არსებობს კადრები, რომელიც ერთმნიშვნელოვან სახელს არქმევს ამ პროცესს მათი მხრიდან. ანუ, თავის თავს რომ დეპუტატებს ეძახიან, იმ ხალხის მხრიდან სახეზე გვაქვს დაგეგმილი, წინასწარ მომზადებული ანგარიშსწორება კერძო პირზე, რომელმაც წინა დღეს მათ სამშობლოს მოღალატეები ეძახა. მეორე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს არის ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით, თბილისის მერი გამორიჩევა ამ ბოლო დროს, როდესაც ის ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ძალადობის წახალიებას ახდენს. ნებისმიერ სახელმწიფოშიც მისი საკითხიც იქნებოდა გამოძიებისთვის საინტერესო", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

აბუ დაბის პოლცია ამ დრომდე იძიებს სატუმრო რედისონში მომხდარ ინციდენტს, რომლის ფიგურანტებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული - ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს,  რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები " ეძახა. საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების გამოკითხვები  ჯგუფური თავდსხმის საქმეზე ამ წუთებშიც გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია გიორგი გოგოლაძე, პირი, რომელიც თან ახლა "ოცნების" დეპუტატებს და რომლის ნასროლი თეფში სასტუმროს თანამშრომლეს მოხვდა.