EU-ს დელეგაციასთან ვიქნები პირდაპირი და მკაფიო - გურამ როგავა რეაგირებას ითხოვს
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია მესამე სექტორის პარალელურად, იმ ჟურნალისტებსაც ხვდება, რომლებსაც აქციებზე ძალოვანები სასტიკად გაუსწორდნენ.
შეხვედრაზე მისულია სპეცრაზმის მიერ ნაცემი გურამ როგავაც. ჟურნალისტი ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი და ხისტი იქნება. მედიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები არაფერს შველის და საჭიროა ქმედებებზე გადასვლა.
მე პირდაპირ, ძალიან მკაფიოდ, შეიძლება უხეშადაც კი, ვეტყვი, რომ არავის სჭირდება მათი ბრტყელი განცხადებები. დღეს თუ ჩვენ უბრალოდ დაგვასახიჩრეს, ხვალ მოგვკლავენ და მათი სოლიდარობის განცხადებები არაფერს გვიშველის. პირდაპირ ვეტყვი ჩემს შემთხვევეაზე, ჩემი კოლეგების შემთხვევებზე, კონკრეტული მასალებით, ვიდეოებით ვაჩვენებ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს გამოძიების უფლება, ჩვენ არ გვიმჩნევს ხელისუფლება და ეს ხდება მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და გაჩუმებას, - ამბობს გურამ როგავა.
საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. ევროპელი პოლიტიკოსები ამ წუთებში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან და პირადად ისმენენ ფაქტებს იმ რეპრესიების შესახებ, რომელსაც ოლიაგარქის რეჟიმი საკუთარ ხალხს ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი საპატიმროებში უწყობს. საუბარი შეეხება იმ პოლიტიკურ კრიზისზეც, რომელიც ქვეყანაშია და როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე.