მედიაომბუდსმენი მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება
მედიაომბუდსმენი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაცვის პროცესში ერთვება.
მედიაომბუდსმენი შესაბამისი წერილით სასამართლოსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღებით განიხილოს არა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში გამოძიების მიერ მოწოდებული ფაქტები, არამედ ის არსებითი დეტალები, მოვლენის შემადგენელი სუბიექტური და ობიექტური მხარეები, რაც იქცა მზია ამაღლობელის დატყვევების და სასამართლოს წინაშე წარდგენის რეალურ მიზეზად". - ნათქვამია მედიაომბუდსმენის წერილში.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.