სოსო ფხაკაძის "დანკინი" და "ვენდისი" საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა

15.01.25 15:40
სოსო ფხაკაძის "დანკინი" და "ვენდისი" საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა

"ვისოლ ჯგუფის" სარესტორნო ქსელი - "დანკინი" და "ვენდისი" საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან. საკვებ ობიექტთან გამოკრულია წარწერა, რომ 15:00 - 18:00 საათამდე მოქალაქეებს არ მოემსახურებიან. 

  • შეგახსენებთ, რომ "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენი სოსო ფხაკაძეა.

კომპანიაში, ჯერჯერობით, არ ფლობენ ინფორმაციას, ჯგუფში შემავალი სულ რამდენი ობიექტი შეუერთდა გაფიცვას, მაგრამ ამბობენ, რომ თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

"ვისოლ ჯგუფის"კომენტარს BMG ავრცელებს:

"ვისოლ ჯგუფში“ არასოდეს, არანაირი ფორმით არ შეზღუდულა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, დღესაც თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფში შემავალი კომპანიების ობიექტების ნაწილში თანამშრომლები შეუერთდნენ პროტესტს, ნაწილი კი განაგრძობს მომხმარებლების მომსახურებას, მით უფრო ჩვენს კომპანიებს შორის არის საწვავის კომპანია, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, არ შეზღუდოს ადამიანების ავტომობილებით გადაადგილება", - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ PR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.

საყოველთაო გაფიცვა  მთელს საქართველოში - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოკლედ მცირე და დიდი ბიზნესი ყველა ოლიგარქის  რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება. 

"გაიფიცე საქართველოსთვის" აქციაში  ახალი არჩევნების დანიშვნის  და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით  პრაქტიკულად მთელი ბიზნეს სექტორი ჩაერთო.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. საპროტესტო წარწერებით  არის აჭრელებული დიდი კომპანიების ვიტრაჟებიც. 

15 -დან 18-საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები.