ბათუმში მოზარდმა თავის მოკვლა სცადა - ოჯახი მომხდარში მეზობელს ადანაშაულებს

10.09.21 15:02
ბათუმში მოზარდმა თავის მოკვლა სცადა - ოჯახი მომხდარში მეზობელს ადანაშაულებს

ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი ამტკიცებს, რომ მეზობლის მხრიდან ბულინგის გამო მათმა არასრულწლოვანმა ბავშვმა თავის მოკვლა სცადა. 9 წლის მოზარდს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.

ირკვევა, რომ სოცდაუცველი ოჯახის გასახლებას მეზობელი ტერორის გზით ცდილობს და ბავშვებზე ძალადობს, სახეში საღებავს ასხამს  და ქვებს ესვრის.

ბავშვებს გადავწვავთო. ჩემს ბავშვებს ეუბნება, რომ მათხოვრები ხართო. ეს ციგნის ნაცვამები გაცვიათო. ბავშვი მიმიყვანა თვითმკვლელობამდე. 5 თვეა, მივმართე მესამე განყოფილებას, არც შემაკავებელი მისცეს, არც არაფერი... ისედაც ბრალდებულია წვრილ ხულიგნობაზე. მეორე ბავში ჩასულა ქვევით და დაუწყია დაცინვა ბავშვებში, ეს რეები გაცვიაო, მათხოვარი და ციგანი შენზე უკეთესად არისო და ბავშვი გამწარებული მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ავიდა სახლში, თოკზე ფარდა მქონდა გაჭიმული, ის თოკი მოუბია ყელზე, სკამზე ასულა, სკამი წაქცეულა და ჩემი და რომ ავიდა, ბავშვი ნახა ჩამოკიდებული... იქ რომ არ ასულიყო ჩემი და, შვილი უკვე მკვდარი მეყოლებოდა, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

ექვსი შვილის დედა, ხათუნა გიგაშვილი, შველას უკვე თვეებია, ითხოვს, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიდა.

სამართალდამცველებმა დაკითხვების სერია დაიწყეს.