საია: მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელმა დგებუაძემ სახეში შეაფურთხა
პოლიციის მაღალჩინოსანი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც რეჟიმმა დაზარალებულად გამოაცხადა, სკანდალში ეხვევა - სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ბათუმელების" დირექტორი პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტს შეაგინა და სახეში შეაფურთხა. მეტიც, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობასაც.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა შენობაში, სადაც დაკავებულ ჟურნალისტს არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
მისი დაკავების შემდგომ, როდესაც ის გადაჰყავდათ ეზოში, მას ესმოდა გინების ხმა, შეურაცხყოფის ხმა. როგორც შემდგომ მან ამოიცნო, ეს იყო ირაკლი დგებუაძე. ირაკლი დგებუაძე ცდილობდა შესულიყო იმ ოთახში, სადაც იმყოფებოდა მზია და ის გამოჰყავდათ ამ აგრესიული ქმედების შემდგომ, ის გამოჰყავდათ გარეთ პოლიციის თანამშრომლებს, თორემ შეიძლება მომხდარიყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. ასევე საუბარია უმძიმეს ფაქტზე, რაც გულისხმობს სახეში შეფურთხებას.
ასეთი ერთ-ერთი შესვლისას მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ასევე აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არ აძლევდა პოლიციის სხვა თანამშრომლებს წყალი მიეცათ მზია ამაღლობელისთვის, შეზღუდული ჰქონდა წყლის მიღება. ასევე არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ მას ესარგებლა საპირფარეშოთი, ელემენტარული საშუალებებით, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაკავებული და ეს გაგრძელდა გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ იქ ადგილზე ისმოდა ირაკლი დგებუაძის ხმა, მანამდე ეს დამოკიდებულება, ეს აგრესიული მიმართვა გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში,'' - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
რუსთავის #5 დაწესებულებაში ,,ბათუმელებისა" და ,,ნეთგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დღეს მოინახულა. ქურდოვანიძე დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
საიას ცნობით, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
- ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- მზია ამაღლობელმა დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც უამბო.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.