ქვეყანაში ბანდფორმირებების თარეშის მიუხედავად, ადამიანების თავდადების მაგალითებს ვხედავთ - გრძელიძე
სამ-საათიან საყოველთაო გაფიცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, გიორგი გრძელიძე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს - მსახიობი აცხადებს, რომ მიუხედავად ქვეყანაში ბანდფორმირებების თარეშისა, ადამიანები მსოფლიოს ყოველდღიურად თავდადების მაგალითებს აჩვენებენ.
"ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვიხერხებია. ასეთი კონსოლიდაცია, ასეთი ერთობა ქართველ საზოგადოებას არ ჰქონია" - ამბობს გიორგი გრძელიძე.
დღე ნამდვილად შედგა, ამაში ორი აზრი არ არის. იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ადამიანების დაკავება, სასტიკი წამება, რაღაც ბანდფორმირებები რომ თარეშობენ ქუჩებში. ალბათ ყველაზე ლოგიკურია, რომ ადამიანს თავდაცვის ინსტინქტმა გიბიძგოს იმ აზრისკენ, რომ სადმე წახვიდე და მშვიდი ცხოვრებით განაგრძო ცხოვრება და გაეცალო ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ადამიანების თავდადების და გმირობის გასაოცარ მაგალითებს ყოველდღიურად, რომელიც ძალიან ამაღელვებელია.
დღევანდელი დღე იყო ასეთი, ძალიან ამაღელვებელი, ემოციური. ძალიან ძნელი იყო ამ გაფიცვისთვის ემოციის გარეშე მეყურებინა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვიხერხებია. ასეთი კონსოლიდაცია, ასეთი ერთობა ქართველ საზოგადოებას არ ჰქონია. გაფიცვა იყო იმაზე მეტად მასშტაბური ვიდრე ამას მოველოდით'', - ამბობს გიორგი გრძელიძე.
ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიაში. ასობით კომპანიის ათასობით თანამშრომელმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ ერთ აქციაზე არ ისმოდა. დღეს პროტესტის ხმა ერთდროულად ასობით უბანში და ასობთ ქუჩაზე ისმოდა.
ქუჩაში გამოვიდა ის მსხვილი ბიზნესი, რომლის გადახდილი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტი ივსება და ისინიც, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მფლობელი, დღეს გაფიცვას იმ კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ვის ხელმძღვანელებსაც წინასწარ არ უთქვამთ, რომ გაფიცულებს მხარს უჭერენ. ქუჩაში იდგნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებიც.