დღევანდელი დღე არის გზავნილი, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ - მერაბ მეტრეველი
"ეს არის გზავნილი, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ" - ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა და სამ-საათიან საყოველთაო გაფიცვას გამოეხმაურება.
მერაბ მეტრეველი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზეა წამსვლელი.
ეს არის გზავნილი პირდაპირ, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ, ყველაფერზე წამსვლელი ვართ. ორი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ დღეს ასეთი რამე მოხდებოდა, რომ ''ქოცები'' ამას იზამდნენ, მე ამას არ დავიჯერებდი, იმისა მიუხედავად რომ ''ქოცი'' არასდროს ვყოფილვარ და მათთვის ხმა არასდროს მიმიცია.
ქოცებმა არანაირი შანსი არ დაიტოვეს. ბუნებით მინდა, რომ ყველას რაღაც შანსი დავუტოვო, მაგრამ მათ არანაირი შანსი არ დაიტოვეს. ახლა უკვე, რაც არ უნდა აპოკალიფსური სცენარი დამიხატო, ყველაფერს დავიჯერებ, რაც ამათგან ვნახე უკვე ყველაფრის მჯერა, ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაც დასჭირდებათ ხელისუფლებაში დასარჩენად", - ამბობს მერაბ მეტრეველი.
ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიაში. ასობით კომპანიის ათასობით თანამშრომელმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ ერთ აქციაზე არ ისმოდა. დღეს პროტესტის ხმა ერთდროულად ასობით უბანში და ასობთ ქუჩაზე ისმოდა.
ქუჩაში გამოვიდა ის მსხვილი ბიზნესი, რომლის გადახდილი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტი ივსება და ისინიც, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მფლობელი, დღეს გაფიცვას იმ კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ვის ხელმძღვანელებსაც წინასწარ არ უთქვამთ, რომ გაფიცულებს მხარს უჭერენ. ქუჩაში იდგნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებიც.