"ოცნება" გვეუბნება, მზიას ბედი გელით თქვენცო - მაკა ჩიხლაძე
საპოლიციო ძალებისა და ე.წ. ტიტუშკების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების უკან "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე მოქალაქეების დაშინების სურვილს ხედავს.
"ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდის წევრს, რომელიც 7 დეკემბერს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაქირავებული ხელის ბიჭების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, მიაჩნია, რომ ახალგაზრდებისთვის სახის ძვლების ჩამტვრევა დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს.
ამასთან, მაკა ჩიხლაძე გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის დაპატიმრების ფაქტსაც ეხმაურება და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მესამე ეტაპზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას სურს, საზოგადოებას ჟურნალისტები გისოსებს მიღმა ანახოს.
"მზიას ბედი გელით თქვენცო - ამას გვეუბნება ხელისუფლება" - აღნიშნავს მაკა ჩიხლაძე.
ამ ხელისუფლებისგან აღარაფერი დარჩა ისეთი, რასაც არ ველოდები. პირიქით, მგონია, რომ რაღაცნაირად შეგვიყოლია იმან, რომ ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს და ვხედავთ, რომ ხდება, უფრო და უფრო გვაოცებენ. მე მგონია, რომ ყველაფერი არის ძალიან დემონსტრაციული, ყველაფერი არის იმისთვის, რომ შეგვეშინდეს. სახის ძვლებს უმტვრევდნენ ახალგაზრდებს იმიტომ, რომ მეორედ აღარ გასჩენოდათ აქციაზე გასვლის სურვილი. უბრალოდ არ იმუშავა ამან და ეს ადამიანები მერე მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მივიდნენ.
ჟურნალისტებზეც იგივე მოხდა. ჩვენ, ვისაც თავს დაგვესხნენ, უნდათ, რომ აღარ მოგვინდეს ამ საქმის გაგრძელება, შეგვეშინდეს ოჯახის და ბევრი რამის გამო, პირადი უსაფრთხოებისთვის. მესამე ეტაპი არის, რომ ციხის გისოსებში უნდა გვანახონ ჩვენი კოლეგები, რომ ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ გვინდა თუ არა ციხეში ყოფნა. მზიას ბედი გელით თქვენც - ამას გვეუბნება ხელისუფლება, მეტს არაფერს'', - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.