"რუსი ივანიშვილის სტანდარტით, ამ სტუდიაში ყველა დასაჭერი ვართ" - დეა მამისეიშვილი

15.01.25 23:37
"რუსი ივანიშვილის სტანდარტით, ამ სტუდიაში ყველა დასაჭერი ვართ" - დეა მამისეიშვილი

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი გამოცემა "ბათუმელების" დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს და 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს, სოლიდარობას უცხადებს. 

დეა მამისეიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ადამიანების დაჭერისთვის ლეგიტიმური მიზეზი არ სჭირდება. 

"რუსი ივანიშვილის სტანდარტით, ამ სტუდიაში ყველა დასაჭერი ვართ" - აღნიშნავს "მთავარი არხის" კორესპონდენტი. 

სოლიდარობა და უპირობა მხარდაჭერა მზიას. მე არ ვიცი მერამდენე ჩემს კოლეგას უნდა გამოვუცხადო მხარდაჭერა, რომელიც დაასახიჩრეს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და გაუგონრად იძალადეს. ახლა უკვე მზია, რომელიც ციხეშია. რუსი ივანიშვილის სტანდარტით, ამ სტუდიაში ყველა დასაჭერი ვართ. მათ მიზეზი არ სჭირდებათ. თითოეული ტელევიზია იმდენ პრობლემას უძლებს წლიდან წლამდე, იმდენ ფინანსურ ჯარიმას, ჩვენ ხომ ვიცით საითაც მივდივართ, მაგრამ ამაში არ არის საქმე. სოლიდარობა მზიას იმის გამო, რომ ის წყობილებიდან გამოიყვანეს. მისი პროვოცირება სცადა იმ უწყებამ, რომლის თანამშრომლებსაც მე პოლიციელს არ ვეძახი. მე არ დავურეკავ მათ საშველად არასდროს", - ამბობს დეა მამისეიშვილი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.