"მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება" - ნინია კაკაბაძე

15.01.25 23:29
"მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება" - ნინია კაკაბაძე

"მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება" - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი შეფასებით, დღეს საქართველოში დიქტატორული რეჟიმია დამყარებული, რომლის დამარცხებაც ქართველ ხალხს დაუღალავი ბრძოლითა და დისციპლინური პროტესტით შეუძლია. 

ეს არის რეალობა იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში, ჩვენ ქვეყანაში უკვე დამყარდა დიქტატურა და მზიამ იქიდან გამოგვიგზავნა მესიჯი, როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატორი. მზიაზე გავა ყველაფერი. მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა ამ დიქტატორის დამარცხება... ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ისეთი, როგორც აქამდე. ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალ ხერხებს უნდა ვიყენებდეთ. ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპელები. დღევანდელ მაგალითზე უნდა ვთქვათ, რომ დიდი წარმატება გვაქვს. ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არ გვეშინია", - ამბობს ნინია კაკაბაძე.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.