"ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჩინეთის, რუსეთის და ირანის მეგობარ ვასალ რეჟიმთან საერთო არაფერი გააჩნია" - გეგელია
"ტრამპის ადმინისტრაცია და მისი საპარლამენტო გუნდი ამბობს, რომ ჩინეთის, რუსეთის და ირანის მეგობარ ვასალ რეჟიმთან საერთო არაფერი გააჩნია" - ამის შესახებ განცხადება აშშ-ში მყოფმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ვაშინგტონში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა.
ტრამპის თანაგუნდელები ანუ, მომავალი ადმინისტრაციის საპარლამენტო გუნდი არის აბსოლუტურად განწყობილი იმისაკენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას იმისათვის, რომ ეს პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია მიმდინარეობს, იმსახურებს მათ მხარდაჭერას. ასე, რომ ახალი ადმინისტრაციის ნება ძალიან მკაფიოდ ჩანს. მინდა ყველა ქართველმა იცოდეს, ''ქართული ოცნების'' პროპაგანდა არის განწირული კრახისათვის. ტრამპის ადმინისტრაცია და მისი საპარლამენტო გუნდი, თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ჩინეთის, რუსეთის და ირანის მეგობარ ვასალ რეჟიმთან მათ საერთო არაფერი არ გააჩნიათ, არც ღირებულებითი თვალსაზრისით და არც პრაგმატული კუთხით. მათთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა'', - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.