"არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ შევეგუებით საქართველოს გარუსებას" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფოიე დაიკავეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან - ახალგაზრდები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების ფოიეს იკავებენ და უნივერსიტეტის კედლებში ღამეების გათენებას აანონსებენ.
ევროპული მომავლის მცველები უერთდებიან მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
"დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის დამონებას რუსული სტილის რეპრესიებით ცდილობს" - ამბობენ ახალგაზრდები.
ილიაუნი სტუდენტური მოძრაობა ვიკავებთ ჩვენივე უნივერსიტეტის ფოიეს და აქედან გამოვხატავთ პროტესტს. ჩვენი ხმა გაჟღერდება ყველგან და ყოველთვის. ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, მტკიცე და ურყევი. ვუერთდებით, ორ მთავარ მოთხოვნას, პირველი - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და მეორე, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს, რუსულის სტილის რეპრესიებით ქართველი ხალხის დამონებას, თუმცა ავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები დიდი ხანია იბრძვიან, თავს სწირავენ, თმობენ ყველაფერს სწორედ იმისათვის, რომ რუსეთის გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს საქართველო.
არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არ შევეგუებით საქართველოს გარუსებას. ჩვენ ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ გადაუხვიდეთ ილიას გზიდან. ვუცხადებთ, მხარდაჭერას ყველა იმ სტუდენტს, რომელიც მოქმედებს იმავენაირად საკუთარი საუნივერსიტეტო სივრციდან. ძალა სტუდენტების ერთობაშია. ძალა ერთობაშია'', - განაცხადეს სტუდენტებმა.