მოსამართლე მგელიაშვილმა მათე დევიძის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა

16.01.25 13:10
მოსამართლე მგელიაშვილმა მათე დევიძის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა

20 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს წინასწარი პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვაზე უარი ეთქვა - მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოცხადდა, რასაც მათე დევიძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა, მათ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. 

"ასეთი ტყუილები რომ შეთხზეს ამ ბავშვებზე, ცოდონი არიან. ჩახედონ თავიანთ შვილებს თვალებში, ახალ წლებზე რომ იზეიმეს, ამათ მშობლებს თავიანთი შვილები არ უნდოდათ გევრდით? უსირცხვილოები და ივანიშვილის მონები არიან ესენი ყველანი" - განაცხადა დებიძის ბებიამ. 

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გაცვალეს, ამიტომაც უკვე აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, თუმცა მოსამართლე მგელიაშვილმა არცერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა და მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. თავად 20 წლის აქტივისტი დღევანდელ პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობდა. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 თებერვალს ჩაინიშნა. 

მათე დევაძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა წინა სხდომებზე, პროკურორებმა ვერ ახსნეს, რა ტიპის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რაც დევიძის დაკავების და მით უფრო მისი გასამართლები საფუძველი გახდა.

დევიძე მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავეს.