"დამრჩა განცდა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სწორად აფასებენ" - ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები სინდისის პატიმრებს შეხვდნენ
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება დატოვეს - ევროპელმა პოლიტიკოსებმა სინდისის პატიმრები, ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე ოთხ კედელს მიღმა მოინახულეს.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველმა, თორნიკე მიგინეიშვილმა "პირველებთან" განაცხადა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დელეგაციამ მსახიობის მდგომარეობა მოიკითხა და ასევე საქმის დეტალებს უშუალოდ გაეცნო.
"დამრჩა განცდა, რომ ეს ადამიანები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სწორად აფასებენ" - თქვა ადვოკატმა და იმედი გამოთქვა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმე ევროსაბჭოს მიერ მოსამზადებელ ადამიანის უფლებათა დარღვევის ანგარიშში მოხვდება.
მოიკითხეს ანდროს მდგომარეობა, როგორ არის მსახიობი დღეს, როდესაც 4 კედელში არის გამოკეტილი. შემდეგ უკვე მოისმინეს უშუალოდ დეტალები საქმესთან დაკავშირებით, ასევე იმ პროტესტთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობასაც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე. ასევე მოისმინეს მისი ვარაუდები, მოლოდინები და ახსნა იმისა, რატომ არის იგი პატიმრობაში.
განვიხილეთ ფაქტობრივი მოცემულობა. თავად მსახიობის მხრიდან როგორიც არის, შეაფასა პროცესი. ანდრომ გამოიყენა ის სიტყვები, რაც პროცესზე თქვა, რითაც აღფრთოვანდნენ წარმომადგენლები. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საქმე, რომელიც მოხვდება ანგარიშში.
ჩვენ არ გვისაუბრია მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძეზე, ჩვენ ვისაუბრეთ ათობით დაკავებულ პირზე, რომელიც სისხლის სამართლის მუხლით არის ახლა დასჯის პრეცედენტი. შეხვედრის შინაარსი და ფორმატი ასეთი იყო, რომ თხრობითი ფორმით ანდრო ყვებოდა საკუთარ თავზე და შემდეგ წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. კითხვები იყო ისეთი, რომ მე დამრჩა განცდა, რომ ეს ადამიანები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სწორად აფასებენ", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილავენ - PACE პლატფორმა X-ზე წერს, რომ სესია 27-31 იანვარს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს, 16 იანვარს ქართულ ოპოციას შეხვდა. გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები საბოლოო შეხვედრას "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთანაც გამართავენ.