პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა დოლიძეზე "ტიტუშკების" ორგანიზებულ ძალადობას
პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკების ორგანიზებულ ძალადობას - მოქალაქე, რომელიც გუშინ თავადაც გაფიცვაში მონაწილეობდა, იხსენებს, რომ აგრესიულად განწყობილი მამაკაცები დოლიძის ქუჩაზე საგანგებოდ გამოჩნდნენ.
მაკო მიქაძე "პირველებს" უყვება, რომ თავდაპირველად, უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, ტერიტორიაზე პირი ერთი და იგივე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელმაც გაფიცულებთან მანქანა ორჯერ გააჩერა, პროტესტის ავანგარდში მოქცეულ მოქალაქეებს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოქალაქე, რომელიც "ტიტუშკებად" გადაქცეული საჯარო მოხელეების მხრიდან დოლიძის ქუჩაზე თავდასხმის ობიექტი თავადაც გახდა, აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადგილზე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
რაღაც მომენტიდან დაიწყო რამდენიმე ადამიანის მობილიზება ჩვენ მოპირდაპირედ. ვიღაც ქალმა გვითხრა, რომ კვერცხებს დაგიშენენო და მართლა ასე მოხდა. სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა. რამდენიმე წუთში ჩამოიარა პრადოთი ადამიანმა, რომელიც არ ვიცი ვინ იყო. დაგვიწყო გინება, საშინელი სიტყვების ძახილი, ჩხუბით ჩაიარა. ამასობაში მოგროვდა ბირჟა, გამრავლა. გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს. 5 ადამიანი ყვიროდა ნუ დაგვღალეთ, ნუ გვამწარებთ, მოგვბეზრდით უკვე. როგორც კი დასრულდა შეძახილები, მოდიოდნენ ნელ-ნელა და დაგვიწყეს რტყმა ბიტებით, მუშტებით. ტონი და ხასიათი ჰქონდათ ისეთი, რომ აქ ჩვენ ვერავინ მოგვეკარება. მეგობრებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მერიის თანამშრომელია. ერთ-ერთი "ოცნების" პარტიული წევრია. დანარჩენები უბრალოდ უბნის ბირჟიდან იყვნენ. ბევრი მათგანი არ იყო ფხიზელი", - ამბობს მაკო მიქაძე.
15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი ოფისის გაფიცულ თანამშრომლებს დედაქალაქის ცენტრში ე.წ. ტიტუშკები მიუქციეს, რომლებიც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს თავს დაესხნენ.
"ტვ პირველმა" გაშიფრა ყველა, ვინც დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ირკვევა, რომ მოქალაქეების დარბევის სპეცოპერაციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
კადრების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ დოლიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ:
- თბილისის მერიის თანამშრომელი - თენგიზ ფოფხაძე
- თბილისის მერიის თანამშრომელი - ლუკა ბერბიჭაშვილი
- თბილისის მერიის თანამშრომელი - გია ზაქარაია
- თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი - დავით დოლიძე
- ქართული ოცნების გლდანის ორგანიზაციის წევრი - გიორგი გოგია