"ოცნებამ" ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა - Human Rights Watch-ის ანგარიში საქართველოზე
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ყურადღება საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც ეთმობა. ორგანიზაცია წერს, რომ "2024 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა".
ვრცელ ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონები მიიღო, ქვეყანა ევროკავშირს ჩამოაშორა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დარბევის სასტიკი და ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ევროპული მომავლის მცველების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებულ ანგარიშსწორებაში მონაწილე არცერთი პირი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
სამართალდამცავებმა უპასუხეს 2024 წლის პროევროპულ აქციებს ძალადობრივი ფორმით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.
აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, უცნობმა პირებმა განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები ათზე მეტ აქტივისტზე, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში, მოქალაქე საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში მოწმეებითა და CCTV კამერებით. თუმცა პოლიციას არცერთი ეჭვმიტანილი არ გამოუვლენია ან დაუკავებია," - წერია ანგარიშში.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში მიჰყავს, თუმცა ასევე განმარტავს, რომ კურსის ცვლილებისთვის გვიანი არ არის.
მთავრობას დაუნდობლად მიჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, მაგრამ ძალიან ნაცნობია ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მაგრამ არასდროს არ არის გვიან, რომ შეცვალოს კურსი, გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაუშვას შეკრების თავისუფლება, შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და პასუხისმგებლობა დააკისროს პოლიციას," - განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ და განიხილონ ინდივიდუალური სანქციების დაწესება პასუხისმგებელ პირებზე.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ თავდასხმებზე," - წერს Human Rights Watch.