პოლიტიკური კრიზისი და საფრთხეები ეკონომიკაში - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთი მაგიდის გარშემო დასხდებიან
ბიზნესის უპრეცედენტო ერთობა - რამდენიმე საათში ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთი მაგიდის გარშემო დასხდებიან.
დახურულ კარს მიღმა აუდიენციას დაესწრებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც სახალხო მოთხოვნებს უერთდებიან და ივანიშვილის რეჟიმისგან როგორც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.
- "პირველების" ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ის ბიზნესმენებიც მიიწვიეს, რომლებიც თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მოთხოვნებს მხარს არ უჭერს.
საგანგებო შეხვედრის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაა. სწორედ დღეს ქართველი ბიზნესმენები იმ გამოსავალზე იმსჯელებენ, რომლითაც ეკონომიკა ჩამოქცევას უნდა გადაარჩინონ და ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი საფრთხეს აარიდონ.
ეს არის თავისუფალი ბიზნესების პირველი ფიზიკური შეკრება. რა ელოდება ეკონომიკას არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე და რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან - ეს იქნება ძირითადი მსჯელობის საკითხები. 2 400-ზე მეტი კომპანია შეუერთდა განცხადებას და ეს ნამდვილად არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ქართული ბიზნესსაზოგადოება არის ერთიანი და ასე ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ეკონომიკას შეიძლება ჰქონდეს საფრთხეები, ეს ეკონომიკური საფრთხეები შეიძლება გადაიზარდოს სოციალურ საფრთხეებში.
ჩვენ გვინდა ამ ყველაფერზე ბევრი ვისაუბროთ, რომ ამას ჰქონდეს პრევენციული ხასიათი და ეკონომიკურ-სოციალურ კრიზისში არ შევიდეს ქვეყანა. საერთო სულისკვეთება არის დეესკალაცია. თუ დეესკალაცია არ მოხდება, შეიძლება საქართველოს ეკონომიკა სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდეს და ის დეესკალაციის პრაგმატულ ორ ნაბიჯად ბიზნესსაზოგადოება დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს თვლის. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდა და მან მიიღო ეროვნული ხასიათი და უცხოური ვალუტების ოპერაციებზე ჩვენ პრობლემები შეგვექმნება, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ქართული ეკონომიკა, როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი, ტურიზმი. ამის არიდება გვინდა ჩვენ თავიდან", - ამბობს ერთ-ერთი ბიზნესმენი.
ფოტო არქივიდან