"მოვითხოვთ, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს" - 16:00 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ

17.01.25 11:52
"მოვითხოვთ, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს" - 16:00 საათზე ჟურნალისტები აქციას გამართავენ

დღეს, 17 იანვარს, 16:00 საათზე მედიის წარმომადგენლები გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ - ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეთა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება იქნება. 

17 იანვარს, 16:00 საათზე მედიის წარმომადგენლები შევიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მოვითხოვთ ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსულება.

“გაზეთ ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აჭარის პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს!

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით 12 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ!" - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები