"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში დაემშვიდობა დედას" - რეჟიმის პატიმრის და

17.01.25 13:04
"დღეს დილით გიო საკუთარ სახლში დაემშვიდობა დედას" - რეჟიმის პატიმრის და

სინდისის პატიმარმა, გიორგი ახობაძემ საპატიმრო დროებით დატოვა - როგორც მისი და, მანანა ახობაძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებულმა ექიმმა გარდაცვლილ დედასთან გამომშვიდობება შეძლო. 

დღეს დილით გიო საკუთარ სახლში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დაემშვიდობა დედას, გვიხარია, რომ ოჯახის წევრებმა შევძელით მისი ნახვა" - წერს მანანა ახობაძე.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა. 

დედას გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ვერ მეტყველებდა. შვილი კი მის გვერდით იმ დრომდე იყო, ვიდრე  ექიმ ახობაძეს რეჟიმი ციხეში გამოკეტავდა. მშობლის გარდაცვალება ოლიგარქის მსხვერპლმა ციხეში შეიტყო.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.