"ამ დრომდე უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება და რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი" - ქურდოვანიძე
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია ჯერ კიდე 12 იანვარს გადასცეს.
თუმცა, მისივე განმარტებით, ამ დრომდე უცნობი რჩება, ირაკლი დგებუაძის წინააღმდეგ დაწყებულია თუ არა გამოძიება, რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე?, და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს.
"ამ საკითხებზე დღეს წერილობითაც მივმართეთ და ველოდებით პასუხებს" - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე იცის 12 იანვრიდან. 15 იანვარს დეტალური წერილობითი ინფორმაციაც აქვთ პირადად დაზარალებულისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მათთან არის 12 იანვრიდან, დანაშაულის შემცველია და გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს, ამ დრომდე უცნობია:
- დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუ დაწყებულია, რომელი მუხლით;
- თუ არ არის დაწყებული, რა აბრკოლებს გამოძიების დაწყებას;
- რატომ არ არის ცნობილი დაზარალებულად მზია ამაღლობელი ამ დრომდე?
- რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ მომხდარი არასათანადო მოპყრობა გამოძიებული იყოს.
ამ საკითხებზე დღეს წერილობითაც მივმართეთ და ველოდებით პასუხებს.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ არაფრისმომცემ მონაცემებს აწვდის საზოგადოებას ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობისას დაზარალებული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების საქმეებზე. გამოძება ისევ არ მიმდინარეობს წამების მუხლით.
ამ დროისათვის ისევ არცერთი პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა.
საინტერესოა ისიც, მოითხოვა თუ არა სახალხო დამცველმა ამ საქმეების მასალებზე წვდომა და თუ შეისწავლა, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე". - წერს ნონა ქურდოვანიძე.
პოლიციის მაღალჩინოსანი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც რეჟიმმა დაზარალებულად გამოაცხადა, სკანდალში ეხვევა - სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ბათუმელების" დირექტორი პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტს შეაგინა და სახეში შეაფურთხა. მეტიც, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობასაც.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა შენობაში, სადაც დაკავებულ ჟურნალისტს არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.