“არ ვცნობთ ამ კანონს, ეს არის სრული შაპიტოს ცირკი“- მანანა მიქავა 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

17.01.25 15:48
“არ ვცნობთ ამ კანონს, ეს არის სრული შაპიტოს ცირკი“- მანანა მიქავა 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მანანა მიქავას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა - აქციაზე ფოიერვერკის გასროლის გამო, მოსამართლეემ მასწავლებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

მასწავლებელი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. 

მასწავლებელი, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“ქვეყნის სიყვარულისთვის თუ ადამიანი უნდა დაისაჯოს, მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ჯარიმა“, - ამბობს ის.

ბრალი წარმიდგინეს, რომ მქონდა და ვფლობდი პიროტექნიკას მანიფესტაციაზე, რეალურად მე მივედი სამმართველოსთან ახალი წლის მისალოცად და არ ვიმყოფებოდი აქციაზე, მაგრმ მოსამართლემ არ გაითვალისწინა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. არ ვცნობთ ამ კანონს, არის სრული შაპიტოს ცირკი, ცირკის მონაწილეები იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და თვითონ მოსამართლეც. ის ღიმილს გვიკრძალავდა. სრულად უგულვებელყოფილი იყო ადამიანის უფლებები. ქვეყნის სიყვარულისთვის თუ ადამიანი უნდა დაისაჯოს, მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ჯარიმაც და თუნდაც, პატიმრობაც რომ მოესაჯათ“, - განაცხადა მიქავამ.