მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში - გიორგი თარგამაძე
მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული და ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მართავენ.
თარგამაძის თქმით, ჟურნალისტების ციხეში ჯდომას არავინ შეეგუება და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა.
“ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას“, - ამბობს თარგამაძე.
როდესაც ქალი ჟურნალისტი ზის ციხეში, ეს კიდევ უფრო რთულად შესაგუებელია, არც არვინ შეეგუება და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც. თუმცა, გაცილებით უფრო დიდ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოში იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას, ის რაზედაც დგას თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომლის განადგურებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ და მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში, ცდილობს ივანიშვილი და მისი თუთიყუშები. მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული და ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს. ეს გზა კი ვერ გაგრძელდება მზია ამღლობელის გარეშე“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.
"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი შინაარსით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.