"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ჟურნალისტები მარშით პროკურატურისკენ მიემართებიან
კრიტიკული მედიის წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაიძრნენ - ჟურნალისტები, რომლებიც გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებენ, მარშით პროკურატურისკენ მიემართებიან.
"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ შინაარსის ბანერი გაშალეს პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ასევე არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.