“მზია ამაღლობელი არის რუსული რეჟიმის მილიციონერის შურისძიების მსხვერპლი“ - ნინო ჯანგირაშვილი
მზია ამაღლობელი არის რუსული რეჟიმის მილიციონერის შურისძიების მსხვერპლი- ამის შესახებ ტელეკომპანია “კავკასიას“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მართავენ.
მისი თქმით, “მზია ამაღლობელი არის სამიზნე, რომელზედაც მილიციონერის მხრიდან ხორციელდება შურისძიება“.
“რეჟიმი ყველას დაგვიჭერს, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით“, - ამბობს ის.
მზია ამაღლობელი არის სამიზნე, რომელზედაც მილიციონერის მხრიდან ხორციელდება შურისძიება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. რეჟიმი ყევლას დაგვიჭერს, თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით. რაც შეეხება ერთიანობას - მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ერთიანი ვართ, ბუნკერში ჩამძვრალი ქოცების გარდა და ისინი რეალურად ბუნკერში არიან და უფრო მეტად ღრმად ჩაძვრებიან ამ ბუნკერში და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.
"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი შინაარსით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.